მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის არმოხსნის არანაირი საფუძველი არ არსებობდა

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის არმოხსნის არანაირი საფუძველი არ არსებობდა

ნიკა მელია ამბობს, რომ სახელმწიფროებრიობას იცავდა, როცა პარლამენტში შერბოდა. ესაა სპეკულაცია, რომელიც გათვლილია იმ საზოგადოებაზე, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. თუ ვინმე ამ პროცესებს ოდნავ ობიექტურად დააკვირდება, ვერცერთ სამართლებრივ არგუმენტს ვერ დადებს, თუ რატომ არ უნდა დაეჭირა დღეს საქართველოს მხარი ამისთვის, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსნის შესახებ.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნების გაყალბებაზე საუბრით, წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, ახალი ნარატივი - გავრილოვის თემის გამოყენება დაიწყეს.

„ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ გადის კანონის ჩარჩოებიდან, უარს აცხადებს გირაოს შეტანაზე, რომელიც სასამართლოს მიერ აქვს დაკისრებული. ამ დროს, მისთვის იმუნიტეტის არმოხსნის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ჩვენ ვხედავთ სპეკულაციურ, რუსულ ნარატივს. ორი დღის წინ ეს ნარატივი იყო გაყალბებული არჩევნები. როცა აქ აბსოლუტურად წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ამას მიხვდნენ, უკვე დაიწყეს გავრილოვის „მესიჯბოქსის“ შემოტანა. გუშინ ორი, „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალება მიმამთავს თხოვნით გავრილოვს ჩასაწერად. ანუ, დახმარებისთვის, მიმართეს გავრილოვს, მათი ახალი „მესიჯბოსქსის“ კვალდაკვალ. „ნაცმოძრაობას“ ისევ გავრილოვი გამოუჩნდა მაშველ რგოლად, რათა თავისი მესიჯი გაემყარებინათ. გავრილოვი არის იქ, სადაც არის „ნაცმოძრაობა“ მათი პროვოკაცია და დესტაბილიზაცია. ამ ადამიანის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების გაღიზიანებას. ხალხი თავადაც აკეთებს ანალიზს და ესაა ძალიან მთავარი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.