"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ის და მათი მხარდამჭერები მზად არიან, ფიზიკურად დაიცვან ნიკა მელია, რომელსაც დღეს პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
როგორც ბარამიძე აცხადებს, ისინი მშვიდობიან წინააღმდეგობას გააგრძელებენ
"ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც განვაცხადეთ. კარგად ვიცით, რაზე არის წამსვლელი და რისი მკადრებელია ეს რეჟიმი. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას, ხოლო, რაც შეეხება ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხს, ათასობით პატრიოტი ქართველი, არამარტო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მხარდამჭერი, არამედ სხვა პარტიებიდანაც, რიგითი მოქალაქეები და ყველა ის თავმოყვარე ადამიანი და პატრიოტი, რომელსაც ჰქონდა პროტესტის განცდა "ქართული ოცნების" მიერ გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, მზად არის ფიზიკურად დადგეს და ფარად დაუდგეს წინ ნიკა მელიას და არ დააჭერინოს ამ პუტინისტურ რეჟიმს.
იგულისხმება მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ლიდერი. ფარად ავეფარები და ფიზიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ, ვინც მოვა აქ შტურმით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ასაღებად. ნიკა მელია არსად არ წავა აქედან. ჩვენ ყველანი ვიქნებით აქ და დავიცავთ მას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.