პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. საკითხს მხარი დაუჭირა 88-მა დეპუტატმა, 2 კი წინააღმდეგი იყო. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურას ეძლევა შესაძლებლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.
12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.