საგადასახადო სამსახურს დაემსგავსა პარლამენტი, ამბობენ, 40 000 ლარი უზრუნველყოფს იმას, რომ ნიკა მელია სადმე არ მიიმალოს, სრული სიგიჟეა. თუ „ქართული ოცნება“ შტურმით აიღებს აქაურობას, მაშინ ნიკა მელიას ფიზიკურად დავიცავთ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია არც დამალული უნახავს ვინმეს და არც ის ფაქტი, რომ ვინმეზე ზეწოლას ახდენს. „გასაგებია რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის მოქმედებები რასაც ისინი აკეთებენ და იმიტომაც მიმდინარეობს პარლამენტში ახლა ეს ყველაფერი და არა სასამართლოში.
შესაბამისად, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ამის წინასწარ გათვლა რთულია. რას მოიმოქმედებენ ადამიანები, რომლებსაც არც სამართლებრივი ვითარება აინტერესებთ, არ მორალური, მით უმეტეს არც პოლიტიკური და ამასობაში ასრულებენ გავრილოვის დაკვეთას. ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რასაც პარლამენტი მიიღებს და შემდეგ სავარაუდოდ აღასრულებს სასამართლო, რომელიც რეალობაში ივანიშვილის დაწესებულებას წარმოადგენს. არ ვაპირებთ, ამ უსამართლობას შევეგუოთ და თუ მოგვიწევს ამ ადამიანის ფიზიკურად დაცვა, უკაცრავად, მაგრამ დავიცავთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვლენების განვითარებას დააკვირდება და შემდეგ იმოქმედებს. „დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მგონია რომ ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს, მარტივი რამის გამო. ამას არა აქვს სამართლებრივი შინაარსი. საერთოდ, შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ ისინი უბრალოდ შტურმით დააპირებენ აქაურობის აღებას და დააპირებენ რომ ტყვედ აიყვანონ ნიკა მელია, ამ შემთხვევაში დავიცავთ, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სანამ 20 ივნისის ღამე მოხდებოდა ორი დღით ადრე ჩამოიყვანეს გავრილოვი. „უკაცრავად, ვინ ჩამოიყვანა, ვისი ხელმოწერილი დოკუმენტით? კობახიძეს ხომ არ მოუწერია ხელი? ესკორტით რომ დაატარებდნენ, შსს მინისტრი გომელაურის ესკორტი და ჩუბინიძის ესკორტები ხომ არ. დაჰყვებოდა, პრეზიდენტის ყოფილ ადმინისტრაციაში რომ მივიდნენ, სადაც მეც ვაპროტესტებდი მათ შორის გავრილოვის ჩამოსვლას, არათუ ჯერ პარლამენტში მისვლას, იმიტომ, რომ ჯერ არ იყო არც პარლამენტში მისული და არც სპიკერის სავარძელში ჩამჯდარი.
ამას ჩვენ ხომ არ ვაპროტესტებდით წინასწარ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. ახლა, უკაცრავად, კობახიძემ ჩამოიყვანა ქუცნაშვილის მეცადინეობით, გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ესკორტით დაატარებდა და ახლა უნდა, რომ ხელი აქეთ გამოიშვირონ? შემდეგ თვალები დათხარეს მოქალაქეებს, თავად დასდევდნენ ქუჩა-ქუჩა და ეზო-ეზო მოქალაქეებს, ჟურნალისტებიც დააზარალეს რაღაცა დათვის ტყვიებით და ამ დროს ნიკა მელიაა დამნაშავე? ეს ხომ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს არის რუსული მეთოდებით უნდათ, რომ რაღაცა ორჯერ ორი შემოგვასაღონ, რომ არის 41, როგორც მაგალითად არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთეს. ამიტომ, არ გამოვა. საზოგადოებას აქვს ეს ინფორმაცია, ყველამ კარგად ვიცით, გავრილოვი ვინ ჩამოიყვანა“, - აღნიშნა ხაბეიშვილი.
ცნობისათვის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ „სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს“.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.