მიხეილ სარჯველაძე: პატიმრობის თავიდან აცილების გადაწყვეტილება თავად ნიკანორ მელიამ უნდა მიიღოს

მიხეილ სარჯველაძე: პატიმრობის თავიდან აცილების გადაწყვეტილება თავად ნიკანორ მელიამ უნდა მიიღოს

იმისთვის, რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება თავიდან იქნას აცილებული, ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღებია ნიკანორ მელია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, საუბრები იმაზე, რომ ბრალდება როგორია და სხვა ნებისმიერი საკითხი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. „იმ პირობებში, როცა არავითარი არგუმენტი არაა ასახსნელად ამ ქცევის, გარდა ერთისა, რომ ქართულ სახელმწიფოს გამოუთხარონ ძირი, მიდის გადაფარვა სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხებით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ „სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს“.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.