პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სიტყვით გამოსვლის დროს, ქართული ოცნების დეპუტატებს თხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით არ გაიზიარონ პროკურატურის შუამდგომლობა.
გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილი მიმართავს დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
"მე და ლევანს ჩვენი გადაწვეტილება მიღებული გვაქვს. ყველა კოლეგას, განსაკუთრებით ქართული ოცნების წარმომადგენლებს მინდა გთხოვოთ რომ არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა. ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და მით უფრო არც თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ.
იმუნიტეტის არსი, შინაარსი და ფილოსოფია არის ის და ამიტომაც მოიგონეს სადეპუტატო იმუნიტეტი, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლებისას ხელები გახსნილ და არ შეეშინდეთ თავის ქმედებების.
ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახის, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის. თუმცა, მძიმე ემოციური ფონი აქვს და მაინც ამას მივაწერ და ამით გავამართლებ მის ქმედებას. ამდენად, მოგიწოდებდით, რომ თუ გინდათ ნორმალური ქვეყანა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ნიკა მელიასადმი ან ნაციონალური მოძრაობისადმი, არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, იმიტომ რომ რაღაც დროის შემდეგ თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციურ ადგილებზე და მაშინ დაგვეთანხმებით რომ ჩვენი ეს თხოვნა სწორი იყო,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.