ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად მივა

ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად მივა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად მივა, სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ, „რადგან მათ ტაშით არავინ შეეგებება“.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ნიკა მელია მაგალითია იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს.

„გამოჩნდება გზა, წინასწარ ვერ გეტყვით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ჩვენთან პოლიცია მოვა, ტაშით ნამდვილად არ შევეგებებით! თუ მოვლენ ნიკა მელიას დასაკავებლად, რა თქმა უნდა, მათ სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ. ასე მარტივად არაა საქმე და ეს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის. ჩვენ მხარეს სიმართლეა და როდესაც სიმართლე გიმაგრებს ზურგს, მაშინ ასჯერ უფრო ძლიერი ხარ, განსხვავებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ასე უკანონო ქმედებებს ახორციელებს. ბუნებრივია, ამ დროს ძალა შენც უნდა დაუპირისპირო! ნიკა მელია მაგალითია ზუსტად იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.