ნიკა მელიას ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ საკუთარი თავისგან გმირი გამოეძერწა, რაც ვერ მოახერხა, რა თქმა უნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში ნიკა მელიას დამნაშავეობა-უდანაშაულობაზე არ არის მსჯელობა და ეს სასამართლოს კომპეტენციაა.
„ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ კოლაბორაცია მასსა და გავრილოვს შორის. რაც შეეხება დღევანდელ განხილვას, ეს არის პროცედურული საკითხი, აქ მის დამნაშავეობა-უდანაშაულობაზე არ არის მსჯელობა და ცხადია, ეს სასამართლოს კომპეტენციაა, პარლამენტი ამას ვერ განსაზღვრავს. ხოლო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უნდა მოეხსნას იმუნიტეტი, ყველა ადამიანი უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი, რათა სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, აღასრულოს მართლმსაჯულება,“ - განაცხადა ბერაიამ.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.