იმ მელიას საქმე, რომელმაც გავრილოვი თავის მოწმედ მოიყვანა, ყოველთვის ცუდად იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველი ყველას დამცველი უნდა იყოს და არა მხოლოდ ერთი პიროვნების.
„ჩვენ კანონის მოთხოვნას ვუჭერთ მხარს. აქ კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი არ არის. რატომ უკეთია ელექტრო სამაჯური 500-მდე ადამიანს და მათაც რატომ არ ვხსნით ამ სამაჯურებს? სახალხო დამცველი ყველას დამცველი უნდა იყოს და არა მხოლოდ ერთი პიროვნების“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე თანხმობა არ გასცეს.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.