ნიკა მელია: „ქართული ოცნების“ სურვილია დაიჭიროს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ეს არაა რიგითი ამბავი

ნიკა მელია: „ქართული ოცნების“ სურვილია დაიჭიროს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ეს არაა რიგითი ამბავი

„ქართული ოცნება“ ამ დანაშაულებრივი სპირალიდან ვეღარ გამოძვრება, მათი სურვილია დაიჭირონ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ეს არაა რიგითი ამბავია - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გადაწყვეტილებას, მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შესახებ.

მელიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების გამო, ქვეყნისთვის ყველას ბოდიშის მოხდა მოუწევს. „ეს ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ დღეს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე, არ არიან დამოუკიდებელი ადამიანები. ადვოკატები რატომ არ შეუშვეს? რიგით მოვლენას ხომ არ ვაკვირდებით. მათი სურვილია დაიჭირონ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ეს არაა რიგითი ამბავი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან მელიამ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მისი ადვოკატების დაუსწრებლობის საკითხიც გააპროტესტა. „ადვოკატები არ დაუშვეს იმიტომ, რომ კითხვები დაისმებოდა. ახლა მე ვუპასუხებ აქედან პროკურორს. თუ მელია ორი თვე დასაჭერი იყო, რა პასუხი გასცა: სანიმუშოდ იქცეოდა წელიწადნახევარი მელია და ორი თვე ვაცადეთო. იმ გადაწყვეტილებით, სადაც მე ერთ-ერთ პუნქტად სამაჯურის გაკეთება დამევალა, ასევე აკრძალული მქონდა სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ საჯარო სივრცეში და სახლიდან გამოსვლისას პროკურორთან უნდა დამერეკა და შემეთანხმებინა. არც პროკურორს ვურეკავდი და საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლისას ვარღვევდი კანონს, კამპანია ჩავატარე, მაშინ რატომ არ ვიყავი დასაჭერი?“, - აცხადებს მელია.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.