ნიკა მელიას მეგობრულად, ადამიანურად ვურჩიე, რომ გირაოს თანხა გადაეხადა, რადგან არ მინდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ციხეში ვნახო, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
მისივე განცხადებით, მელია თავისუფალი უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე - ციხეში მყოფი.
„არ ითვალისწინებს, მისი გადასაწყვეტია, ზრდასრული ადამიანია და საკუთარი თავის საქმის თვითონ იცის. ხვალ თუ სხდომაზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება, ამას არც მე და არც ლევან იოსელიანი არ დავუჭერთ მხარს“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.