პროფესორი სოსო ნანობაშვილი: Moderna-სა და Pfizer-ის ტიპის ვაქცინებზე უკვე 30 წელია მუშაობენ და ანტივაქსერების შიშები უსაფუძვლოა

პროფესორი სოსო ნანობაშვილი: Moderna-სა და Pfizer-ის ტიპის ვაქცინებზე უკვე 30 წელია მუშაობენ და ანტივაქსერების შიშები უსაფუძვლოა

ძალიან დიდი შეფერხებებია ვაქცინის მოწოდების მხრივ არა მარტო ავსტრიაში, არამედ გერმანიაშიც და ზოგადად, დასავლეთ ევროპაში. დღეს ავსტრიაში ორი აცრა გაკეთებული აქვს მხოლოდ 150 ათას ადამიანს. ეს დაახლოებით 1.6%-ია მოსახლეობის და ასევე, 1.6%-ია აცრილი გერმანიაშიც. არ ვიცით, ვის დავაბრალოთ. მწარმოებელი კომპანიები აბრალებენ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსები პირიქით და ა.შ. - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, სოსო ნანობაშვილმა განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა, როგორია ზოგადი განწყობა ავსტრიის მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ. პროფესორმა ასევე განმარტა, რომ ისეთი ტიპის ვაქცინაზე, როგორსაც Moderna და Pfizer-ი აწარმოებენ, უკვე 30 წელია მუშაობენ.

„მცირე დროის მონაკვეთში დადებითისკენ შეიცვალა, უფრო მეტს უნდა აცრა. ავსტრიაში 60%-ს გადააჭარბეს მსურველებმა. რაც დრო გადის და რაც უფრო მეტი ადამიანი იცრება, ხედავენ, რომ გვერდითი მოვლენები თითქმის არ აქვს და მით უფრო მეტ ადამიანს უნდება აცრის ჩატარება. ვფიქრობ 70%, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მოვახდინოთ ვაქცინაცია ქვეყანაში, ავსტრიაში საკმაოდ მარტივად დაგროვდება. იმედი მაქვს, საქართველოშიც იგივე ტრენდი იქნება. მე არავის ვაძალებ, მაგრამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ანტივაქსერებს აქვთ შიში, რომ ვაქცინები, რომლებიც ყველაზე პოტენტური და მძლავრია, ახლად შექმნილია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვაქცინა, რომელიც 95%-იან დაცვას იძლევა, ეს გახლავთ Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინა, ამ ტიპის ვაქცინებზე უკვე 30 წელია მუშაობენ. პრობლემა იმაში იყო, რომ ამ ვაქცინის, ანუ RNA-ს შეტანა უჯრედში იყო საკმაოდ რთული. RNA ძალიან არამდგრადი მოლეკულაა და ძალიან სწრაფად იშლება. მხოლოდ ბოლო წელიწადში მოხდა სამეცნიერო გარღვევა, RNA-ს მოლეკულა შეფუთეს, რომლითაც დაიცვეს ის დაშლისაგან და ამან გახადა შესაძლებელი ვაქცინის მუშაობა და ფუნქციონირება. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ვაქცინა ახალია და გუშინ მოგონილია, არასწორია. ამ ტიპის ვაქცინებზე მუშაობა 30 წელია მიმდინარეობს. ფიქრი, რომ ეს ახალია და ჩვენ თავზე ექსპერიმენტებს ვატარებთ, სწორი არ არის. ვაქცინა ძალიან პოტენტურია, ძალიან კარგად იცავს ორგანიზმს ინფექციისაგან“, - განაცხადა სოსო ნანობაშვილმა.