ლევან იოსელიანი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერს. „მოქალაქეების“ წევრი აცხადებს, რომ პარლამენტში საკითხის განხილვისას შეეცდება ახსნას, თუ რატომ არ უნდა მოუხსნან იმუნიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს.
„როცა შემოვა ეს საკითხი პარლამენტში, შევეცდები დავასაბუთო, რატომ არ უნდა მოუხსნან ნიკა მელიას იმუნიტეტი. იმ პირობებში ჩვენ მას შევუნარჩუნეთ იმუნიტეტი და ამის მიზეზი და არგუმენტი იყო, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის უნდა დაგვეტოვებინა სივრცე“, - განაცხადა იოსელიანმა.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.