Amazon-ი პოპულარული ფილმის „მისტერ და მისის სმიტის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. ამის შესახებ The Rolling Stone-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავარ როლებს შოუში ფიბი უოლლერ-ბრიჯი და დონალდ გლოვერი შეასრულებენ. ამასთან, მსახიობები შოურანერების ფუნქციებსაც შეითავსებენ. უოლლერ-ბრიჯი და გლოვერი ერთად მუშაობდნენ ფილმზე „ხან სოლო: ვარსკვლავური ომები. ისტორიები“. გლოვერმა ლენდო კალრისიანის როლი შეასრულა, უოლლერ-ბირჯმა კი დროიდი L3-37 გაახმოვანა.
„მისტერ და მისის სმიტი“ ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ცოლ-ქმრის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც ერთმანეთს უმალავენ, რომ დაქირავებული მკვლელები არიან. მთავარი როლები სურათში ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შეასრულეს. სერიალი ეკრანებზე 2022 წელს გამოვა.