მელიას მხარდაჭერა არ არის პოლიტიკური თემა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში კანონის სახით მოქმედებდეს უკანონობა და უსამართლობა, - ამის შესახებ "ევროპული საქრთველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, ყველაზე საშიშია, როცა ინსტიტუტები ემსახურება უსამართლობას, უკანონობას და პოლიტიკურ ინტერესს, რაც დღეს მელიას შემთხვევაში ხდება.
„მელიასთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის უკანონობა. ყველაზე საშიშია უკანონობა არა მაშინ, როცა ის ღიად არის ჩანდენილი, ყველაზე საშიში მაშინაა, როცა შეფუთულია კანონში და შეფუთულია ინსტიტუტებში. ყველაზე საშიშია, როცა ინსტიტუტები ემსახურება უსამართლობას, უკანონობას და პოლიტიკურ ინტერესს. ეს ხდება დღეს მელიას შემთხვევაში.
ნიკა მელია, რასაც აკეთებს, ეს არის საზოგადოებრივი განგაშის ატეხვა, თუ სად არის საქართველო და სადამდე არის ქვეყანაში მისული ინსტიტუტები.
მელიას მხარდაჭერა არ არის პარტიული ან პოლიტიკური თემა, ეს ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ საქრთველოში კანონის სახით მოქმედებდეს უკანონობა და უსამართლობა.
ამაზე ვიმსჯელებთ დღეს და გადამწყვეტი იქნება ნიკა მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" მომავლის ხედვა და ბრძოლის გეგმა“, - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.