ერთადერთი პოლიტიკური მოტივი შეიძლება ნიკა მელიასა და „ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდეთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ოპონენტებიც კი ერთსულოვანი არიან, რომ ნიკა მელია კანონს არღვევს.
„გადაწყვეტილება გამომდინარეობს მარტივი პრინციპიდან: ნიკა მელია არ იხდის გირაოს და არღვევს კანონს. თუ ადამიანი არღვევს კანონს, ჩვენ ქვეყანაში კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან, რათა განიხილონ ეს საკითხი. მათ მივმართავ, პასუხი გასცენ ორ კითხვას: პირველი, კანონის დარღვევას უნდა მოჰყვეს თუ არა სათანადო რეაგირება? და მეორე, არღვევს თუ არა კანონს ნიკა მელია? ამ ორ კითხვას თუ ისინი გულწრფელად გასცემენ პასუხს, ყველაფერი ნათელი გახდება. ნიკა მელია არღვევს კანონს და აქ არა მხოლოდ ჩვენ ვართ ერთსულოვანი, ჩვენი ოპონენტებიც კი ერთსულოვანი არიან. მგონი, ნიკა მელიაც არ უარყოფს, რომ კანონს არღვევს. თუ კანონს არღვევს, არანაირი კითხვის ნიშანი რეაქციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი პოლიტიკური მოტივი შეიძლება ნიკა მელიასა და „ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.