შემჭიდროებულ ვადებში ვმუშაობთ, რადგან პირველ მარტს საარჩევნო კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს. რაც დღეს წარმოვადგინეთ, არის მემორანდუმზე დაფუძნებული ნორმატიული ტექსტი, რომელშიც ასახულია მემორანდუმის პუნქტები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, საარჩევნო სისტემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მოქალაქეებსა" და „ქართულ ოცნებას" შორის გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს გვექნება მსჯელობა და ყველა შენიშვნა, რაც შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, განხილვის საკითხი იქნება. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, შევჯერდებით. ვნახოთ, რა შენიშვნები აქვთ. მოწადინებულები ვართ, რომ საბოლოო ჯამში, გვქონდეს ისეთი სისტემა, რომელზეც ყველა მეტ- ნაკლებად ვთანხმდებით, რომ არის კარგი სისტემა, ამიტომ ყველა გონივრულ შენიშვნას გავითვალისწინებთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პირველადი დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ცვლილება, დღეს შემუშავდება. ჯგუფის მეორე შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.