იაგო ხვიჩია ნიკა მელიას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს ვრცელ Facebook-პოსტს უძღვნის. „გირჩის“ ლიდერი წერს, რომ „ნიკა მელია ციხეში - მიშა სააკაშვილის თამაშია“. მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ზუსტად იცის, რომ საპარლამენტო არჩევნების მოგებით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, მით უმეტეს, თუ არჩევნები დაბალი ბარიერით ჩატარდება, რაც პატარა პარტიებს არსებობის შანსს მისცემს.
„ამიტომაც მის ამ თამაშში, პარლამენტი არც ერთ ვარიანტში არ უნდა შედგეს, პოლიტიკა უნდა იყოს ქუჩაში და არა პარლამენტში. ნებისმიერი „ქოცების“ შეცდომა და კონფლიქტი უნდა ითარგმნოს შესაძლო რევოლუციად, რომელსაც დისტანციურად უხელმძღვანელებს სააკაშვილი და მისი წარმატების შეუქცევადობის შემთხვევაში, ჩამოვა კიდევაც, რათა ერთპიროვნულად შეუდგეს ქვეყნის „ქოცების“ დიქტატურისგან გამოხსნას და აღმშენებლობას. ესაა მიზანი. შეიძლება ეს მოხდეს გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, ან 2 წლის მერე, შეიძლება მეტიც დასჭირდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს“, - წერს ხვიჩია.
მისივე თქმით, ამ გეგმის განსახორციელებლად სააკაშვილს სჭირდება გმირი, მაგრამ ეს გმირი ისეთი უნდა იყოს, რომ „მისი გმირობა, შენს „გმირობას“ ვერ ჩრდილავდეს“. ხვიჩია აღნიშნავს, რომ მელია „ნაკლებად „სისხლისმელი ნაცია უბრალო ხალხის თვალში“.
„მიშასთვის, ნიკა იდეალური პოლიტიკური პატიმარია, ამით, მიშა გუნდის შიგნით, ნიკასგან მომდინარე საფრთხესაც ანეიტრალებს, ფასილიტატორებთან მოლაპარაკებასაც შლის და ამდენი ხნის მერე, როგორც იქნა, საჭირო მორალურ უპირატესობასაც იღებს. როცა რაღაც ძალიან უნდა მიშა ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. მისი ეს თვისება დასაფასებელი და გასათვალისწინებელია. მე არ ვიცი ნიკა ასეთ „გმირობას“ შეგნებულად დათანხმდა თუ არა, მაგრამ მე ის არ მემეტება ასეთი როლისთვის“, - წერს ხვიჩია.
„გირჩის“ ლიდერი მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მელიას დაკავებას დაპირისპირება უნდა მოჰყვეს, „რაც მეტი დაშავდება ან რაც მეტ ახალს დაიჭერენ თამაშისთვის უკეთესია“. მელიას დაკავების შემდეგ ახალი კონფლიქტები დაკავებულების ირგვლივ წარმოიქმნება.
„მთავარია ნიკა ციხეში აღმოჩნდეს, მოლაპარაკებები ჩაიშალოს და ყველა უმანდატოდ დარჩეს, კონსტიტუციაც იგივე დარჩება და მიშა კონსტიტუციურად იქნება დაცული კონკურენტებისგან. ამ თამაშში მისი წარმატების მაქსიმუმია ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლა, მინიმუმი კი 2024 წლის საპარლამენტო ბარიერის შენარჩუნება. თუ ბარიერი 5% დარჩა, პატარა პარტიებს მიშას გარეშე პერსპექტივა არ აქვთ, თუ რამე უნდათ მიშას უნდა შეერწყან, შესაბამისად მიშა მშვიდად გააგრძელებს ამ თამაშს 2024 წლის მერეც და დაელოდება როცა ხალხი თავად დაამხობს ქოცებს“, - წერს ხვიჩია.
პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.