ვახუშტი მენაბდე საარჩევნო რეფორმაზე: უფრო ამბიციურ პროექტს ველოდით, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციები ძალაში რჩება

ვახუშტი მენაბდე საარჩევნო რეფორმაზე: უფრო ამბიციურ პროექტს ველოდით, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციები ძალაში რჩება

სამუშაო ჯგუფს გადავუგზავნეთ ჩვენი მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ასევე, მივიღეთ პარლამენტისგან კანონპროექტის პირველადი ვერსია. მართალი გითხრათ, უფრო ამბიციურ პროექტს ველოდით. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციები ძალაში რჩება, - ამის შესახებ საიას დემოკრატიული პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათი რეკომენდაციაა საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი დაკომპლექტება, რომელიც ოპოზიციის გარანტირებულ ჩართულობას უზრუნველყოფს - ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ვერ უნდა დაინიშნონ.

მენაბდის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, პროპორციული ასპექტის მეტად გაზრდა, ვიდრე ეს წარმოდგენილ პროექტშია მოცემული.

„საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, დასაზუსტებელია მთელი რიგი საკითხებისა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ რადიუსში ისეთი ადამიანები არ იყვნენ, ვისი იმ მომენტში იქ ყოფნაც ნებადართული არ არის. საარჩევნო უბნის პერიმეტრზე გაურკვეველი ადამიანები არ უნდა იყვნენ არც აღრიცხვისთვის, არც მიტინგისთვის და არც სხვა რაიმე მიზნით. არსებობს რამდენიმე ტიპის ჯგუფი, ვისაც იყენებენ. ესენი არიან აქტივისტები, რომლებსაც აყენებენ უბნის ტერიტორიაზე როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ასევე არიან კოორდინატორები და სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტები - დაწყებული გავლენიანი ადამიანებით, კრიმინალთან ახლოს მყოფი პირებით დასრულებული“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პირველადი დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ცვლილება, დღეს შემუშავდება. ჯგუფის მეორე შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.