ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ყველა პარტია პრაქტიკულად დაშლის პირას არის, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიცია არის თვითდესტრუქციულ რეჟიმში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი, დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს მათ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.
„სამწუხაროდ, ხანდახან პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი ამბიცია აქვთ, ვიდრე შესაძლებლობები და მხარდაჭერა ხალხში. ეს ყველაფერი დაადასტურა ამ არჩევნებმა, რომლის შედეგებიც „ევროპული საქართველოდან“ წასულმა ლიდერებმა პრაქტიკულად დაადასტურეს საჯარო განცხადებებით.
ოპოზიციური სპექტრი, სამწუხაროდ, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც აზიანებს მათ და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მათ ეს გზა აირჩიეს და ამის შედეგებს იმკიან. გადახედეთ ოპოზიური სპექტრს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ყველა პარტია პრაქტიკულად დაშლის პირას არის, ყველას აქვს კადრების გადინება და ეს მათი არჩევანია. როდესაც ამხელა ნაბიჯს დგამ დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ, ამას მოჰყვება შედეგები, რომელიც თვითდესტრუქციულიც იქნებოდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიცია არის თვითდესტრუქციულ რეჟიმში გადასული.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავად აირჩიეს მთავარ ოპოზიციურ პლატფორმად სააკაშვილის ჯგუფი, შესაბამისად, ახლა მისი მავნე ზეგავლენა ქართულ პოლიტიკაზე ცხადია, მათზეც გავრცელდება“, – განაცხადა დავითულიანმა.