საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. ქართულმა დელეგაციამ დღეს შეხვედრა ანკარაში გენერალური შტაბის უფროსთან, არმიის გენერალთან ნეჯდეთ ოზელთან გამართა. განხილვის მთავარი თემა სამხედრო-ტექნიკური საკითხები და სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა იყო. საუბარი ასევე შეეხო მომავალ ურთიერთთანამშრომლობას და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას.
დღესვე ქართული დელეგაცია თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. „განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. მე სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი, თუ რა მიღწევებია სამხედრო ინდუსტრიაში. კმაყოფილი ვარ, რადგან თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზეც ვისაუბრეთ“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია და დელეგაციის წევრები თურქეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ.
სამხედრო თანამშრომლობასთან ერთად, განხილვის თემა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა იყო. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფება და ამ მიმართულებით თურქეთის მყარი მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს. “ბრიუსელში, მინისტრების დონის შეხვედრაზე, ვფიქრობთ, ვისაუბროთ ნატოსთვის ტრანზიტული ტვირთების გატარებაზე, საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამოყენების თაობაზე. დღეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, შესაბამისი გაგრძელება პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტისა. ვფიქრობ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ქართული დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 14 თებერვალს დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ისმეთ ილმაზისაც შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ასევე, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრასაც დაესწრო.