პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას ურჩევს, პროცესების დაძაბვისგან თავი შეიკავოს. როგორც ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ქვეყანას რადიკალიზაცია არ სჭირდება და პროცესების დაძაბვას ნიკა მელიას მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს.
„ამ ქვეყანას არ სჭირდება რადიკალიზაცია, ერთადერთი, ვისაც რადიკალიზაცია სჭირდება, უკრაინაშია ის კაცი და იმას უნდა, რომ ვის დაიჭერენ, ვის არ დაიჭერენ, ვის ძვლებში დაამტვრევენ, იმისთვის სულერთია, ოღონდ აქ რაღაც დაიძაბოს. მე ვისურვებდი, რომ ნიკა მელიაც და დანარჩენი ოპოზიცია შემოსულიყო პარალამენტში და იქ გვებრძოლა უკეთესი საარჩევნო სისტემისთვის, უკეთესი პროკურატურისთვის, თორემ დაგიჭერენ, არ დაგიჭერენ, ხალხი გამოვა თუ არ გამოვა, ეს არაფერს შეცვლის. პირიქით, აქ თუ ქვეყანაში გადატრიალება მოხდა და რევოლუცია, დღევანდელი პროკურატურა გახდება სანატრელი და საოცნებო, მეგის ქარდავა რომ ჩამოფრინდება სპეცრეისით და ახალაია რომ მოყვება ერთი და მეორე ახალაია, რომ ციხიდან გამოვა. თუ გვინდა რომ პროკურატურას და სასამართლოს მართლა ვენდობოდეთ, უნდა ვიბრძოლოთ, ოღონდ ვიბრძოლოთ, სადაც მანდატები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.