ბატონ ბიძინას ვესაუბრე და ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და წამოვედი, - ამის შესახებ განცხადებას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აკეთებს.
მისი თქმით, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ იცოდა.
"როდესაც ბატონმა ბიძინამ პარტიის შექმნაზე გააკეთა განცხადება, იქ მაშინ მივედი რიგით წევრად, არავის იქ არ მივუყვანივარ არც კახეთიდან და არც სხვა კუთხიდან. ჯერ მივიდა ერეკლე კუხიანიძე და მერე მივედი მე, ოღონდ, მივედი ბიძინა ივანიშვილის გამო. წელიწადზე მეტია, მაქვს ინფორმაცია და ვიცოდი, რომ ივანიშვილი პარტიას ტოვებდა. უბრალოდ, მე ისეთ დროს წამოვედი, როცა ასე ვთქვათ, პარტიის რეიტინგი იყო პიკში (63% ედოთ კვლევის შედეგი) და არ წამოვედი 2019-ში და არც მანამდე იმიტომ, რომ მაშინ გუნდს ცუდი პერიოდი და პრობლემები ჰქონდა. ისე გამოდიოდა, რომ ჩაძირული გემიდან გავრბოდი, ამიტომაც დავრჩი გუნდში, თუმცა თითქმის არაფერში ვერეოდი. შემდეგ ბატონ ბიძინას ვესაუბრე პირადად, მასთან საუბრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და წამოვედი. კაცი, რომლის გამოც პარტია შეიქმნა, ვის გამოც იქ მივედი და სადაც ის იყო ჩემი პარტიაში ყოფნის მთავარი საფუძველი, პარტიაში აღარ რჩებოდა, ბუნებრივია, მე იქ აღარ გავჩერდებოდი", - თქვა გოგაშვილმა.
როგორც გოგოაშვილი აცხადებს, გიორგი გახარიასთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია.
"მისი გაცნობის დღიდან, იქიდან მოყოლებული, რაც გახარია ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა, მას ჩემგან დახმარების მეტი არაფერი მიუღია. ასე რომ, მე მასთან დაპირისპირება არ მქონია. არც სხვებთან, ვისთანაც ვურთიერთობდი", - აცხადებს გოგაშვილი.