ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ სომხეთიდან რუსეთში, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხით საქართველოც უნდა იყოს დაინტერესებული.
როგორც შამბამ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, ეს საკითხი 10 წლის წინაც განიხილებოდა.
„იყო სერიოზული დისკუსიები, თუმცა შეთანხმებას ქართული მხარის პოზიციის გამო ვერ მივაღწიეთ. თბილისმა მოითხოვა, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს, ისევე როგორც საბჭოთა დროს, საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი ერქვას, რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ. ახლა, როდესაც აქტუალური გახდა ჩრდილოეთ კავკასიის გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა, ლოგიკურად გაჩნდა ჩვენი პარლამენტის წინადადებაც. თუ გვსურს კავკასიაში მშვიდობიანი ინიციატივების განვითარება, აუცილებელია ყველა კომუნიკაციის გახსნა, უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს და ვივაჭროთ. ამ საკითხზე საქართველოსაც უნდა ვესაუბროთ, ვინაიდან ისინი დაინტერესებულები უნდა იყვნენ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით“, - განაცხადა შამბამ.