ნათია თურნავა: Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას ატარებს

ნათია თურნავა: Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას ატარებს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი​ს შეფასებით, ჩვენი მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები აძლევთ მათ შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასონ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი და დატოვონ უცვლელად ჩვენი საკრედიტო რეიტინგი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს გამოქვეყნდა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასება, რომელმაც უცვლელად დატოვა ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისისა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო​ს შეფასებით, ჩვენი მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები აძლევთ მათ შესაძლებლობას, კვლავაც მაღალ დონეზე შეაფასონ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი და დატოვონ უცვლელად ჩვენი საკრედიტო რეიტინგი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაშიც სხვადასხვა ქვეყანას რეიტინგი დაუქვეითდა. საქართველო ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა. Fitch-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკური გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოდ მაღალი - წელს ვარაუდობენ 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდას, 2022 წელს კი 5,8%-იან ზრდას. ასევე ისინი ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლება ატარებს გონივრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომელიც ამცირებს ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობას გარე შოკების მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.