“კრიზისული ვითარების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიგნალია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის უცვლელ დონეზე შენარჩუნება. საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე, ნეგატიური პერსპექტივით შენარჩუნებას საფუძვლად უდევს ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა ძლიერი მმართველობა და ჯანსაღი ბიზნეს გარემო,” – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის წევრმა, ანალიტიკოსმა შოთა გულბანმა. Facebook - გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა Fitch-ის კვლევაში მოცემულ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ პროგნოზზე, რომელიც 2021 წელს - 4.3%, ხოლო 2022 წელს 5,8% იქნება, რაც BB კატეგორიის რეიტინგის მქონე ქვეყნების მშპ-ს ზრდის პროგნოზზე მაღალია. Fitch-ის პროგნოზით ევროზონის რეალური მშპ 2020 წელს შემცირდება 7.6%-ით, ხოლო 2021 წლის პროგნოზი 4.7%-ანი ზრდაა. 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის შემოსავლების 30%-ს მიაღწევს, ხოლო 2022 წელს 80%-ს.
შოთა გულბანის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ღონისძიებებმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პანდემიის პერიოდში, ქართული საფინანსო სექტორის მდგრადობის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ მაღალდოლარიზებულია, მისი სავაჭრო გახსნილობა მშპ-ს 60,9%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალია BB კატეგორიის რეიტინგის ქვეყნებთან შედარებით - 46,5%.
„ბუნებრივია 2021 წელი არ იქნება მარტივი საქართველოსთვის, თუმცა ჩვენი ქვეყანა არ არის გამონაკლისი, ბევრად უფრო უარესი ვითარებაა სხვაგან, მაგალითად 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში Fitch-მა შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი BB მინუსიდან 'B+'-მდე, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსის და ლატვიის შემთხვევაში შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა,“ - განაცხადა შოთა გულბანმა.