იყო ვადა, რომლითაც მელიას შეეძლო, ესარგებლა და ესარგებლა კანონის პატივისცემის ფარგლებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„მსოფლიო დემოკრატიის ფლაგმანმა, აშშ-მა გვაჩვენა, როგორი უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფოს პასუხი ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, პარლამენტში შეჭრის მცდელობა და დღეს ვხედავთ სურათს, როდესაც უკვე წასული პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც უფლებამოსილება ამოეწურა, იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს. ესეც ნათელი მაგალითია, რომ სახელმწიფომ ყველანაირ დარღვევას, თუ სავარაუდო დარღვევას, პასუხი უნდა გასცეს, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო და რაც უნდა მაღალი თანამდებობის პირი თუ პოლიტიკური ლიდერი უნდა ყოფილიყო. მე მგონი, აშშ-ის პრეზიდენტი და ნიკა მელია განსხვავდებიან თავიანთი პოლიტიკური წონით“, – განაცხადა სუბარმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის 6 იანვარს კაპიტოლიუმთან განვითარებულ მოვლენებსა და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს შორის გარკვეულწილად, პარალელს ავლებს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ეს ორი რამ შინაარსით აბსოლუტურად ერთი და იგივე იყო.
„უბრალოდ, გაცილებით მძიმე იყო შედეგი, რომელიც აშშ-ში კაპიტოლიუმში შეჭრის მცდელობას მოჰყვა. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა იმ პოლიციელს, რომლებმაც საქართველოში მსგავსი სცენარის განვითარება აღკვეთეს“, – განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, როდესაც კანონისადმი დაუმორჩილებლობა ხდება მრავალგზის, ცინიკურად, უტიფრად, კონსტიტუციისადმი და სახელმწიფოსადმი ხელთათმანის გადაგდებით, ბუნებრივია, სახელმწიფო ვალდებულია, სამართალი აღასრულოს.
„ამ შემთხვევაში, პროკურატურას აქვს თავისი როლი, რომელიც უკვე აღასრულა და შემდეგი ჯერი უკვე იმ ინსტიტუტებზე დადგება, რომლებსაც შემდეგი პასუხების გაცემა მოუწევთ – სასამართლოს, პარლამენტის გამოძიებას და სხვა“, – განაცხადა სუბარმა.
სუბარის განცხადებით, პროკურატურას ნიკა მელია არაფერში არ შეუზღუდავს. „არ დაგვინახავს, რომ ის რამეში შეზღუდული ყოფილიყო; იყო უაღრესად აქტიური საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდეგ, ხოლო რაც შეეხება იმას, ეზღუდებოდა თუ არა აქტივობა გარკვეულ პერიოდში, ალტერნატივა იყო შემდეგი – ის ან ციხეში უნდა წასულიყო, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული, ან გაცილებით მსუბუქი ნორმა, სამაჯური ჰქონოდა და მე მგონი, ამ ორ რამეს შორის განსხვავება უზარმაზარია, ცა და დედამიწასავით. ის რომ ციხის საკანში ყოფილიყო, მისი გამოხატვისა და ნებისმიერი სხვა თავისუფლება გაცილებით მეტად იქნებოდა შეზღუდული. ამ შემთხვევაში, პროკურატურამ მის მიმართ აბსოლუტურად ლმობიერება გამოიჩინა და კანონის ფარგლებში მინიმალური შეზღუდვები დაუწესა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.