დიახ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპის რეგიონის 4 ქვეყნიდან, რომელიც კოვაქსის მეშვეობით მომდევნო რამდენიმე კვირაში ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინის ლიმიტირებულ მოცულობას მიიღებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანმოს მრჩეველმა იმუნიზაციის საკითხებში სიდჰარტა სანკარ დატამ განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით კონკრეტული თარიღის გამოცხადებას, რომელსაც თქვენც მოუთმენლად ელოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ელემენტი, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებამდე მზად უნდა იყოს. პირველი ნაბიჯია ქვეყნის მომზადება, რათა მიიღოს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს უკავშირდება ვაქცინის მიღების პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგს და მონაცემების მენეჯმენტს“, - განაცხადა სიდჰარტა სანკარ დატამ.
მისი თქმით, ეს კრიტიკული ელემენტებია, რომლებიც იმუნიზაციის საკითხებში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეადგინეს. „მეორეა, მომზადების ფაზა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამოწმებს ქვეყნების მზადყოფნას ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ეხება ვაქცინის მისაღებად მზადყოფნას, ადმინისტრირების დაწყებასა და მონიტორინგის განხორციელებას უსაფრთხოდ და ეფექტიანად. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინააციისთვის, რომელსაც თქვენ ელოდებით. ვაქცინის მიღება არის ერთი ნაწილი. მომზადება და მზაობა მეორე და ორივე კრიტიკული მნიშვნელობას ატარებს ვაქცინაციისთვის როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის დანარჩენ სამ ქვეყანაში“, - აღნიშნა სიდჰარტა სანკარ დატამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.