არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს ე.წ. რევოლუციური სცენარით. ისინი დაკავებულები არიან საბოტაჟით და ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. სწორედ ის პროვოკაციული ქმედება, როდესაც ნიკა მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, ამ სცენარის ერთ-ერთი კომპონენტი იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„დღეს ეს ადამიანი საჯაროდ ამბობს, რომ მისთვის კანონის უზენაესობა არაფერს წარმოადგენს. ნიკა მელია ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს, რომ ის კანონსა და სამართალზე მაღლა დგას. ასეთი მიდგომა მისგან არაა გასაკვირი, ვინაიდან ოპოზიცია შესულია ჩიხში. ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარეობს მძლავრი რყევები, „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ დატოვა, „ევროპული საქართველო“ დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. ახლაც საკმაოდ სერიოზული რყევებია ამ პარტიაში და ამის ფონზე ისინი რაღაც გამოსავლის პოვნას ცდილობენ. ამ ფონზე, როდესაც პარტიის ლიდერობას ამოფარებული კონკრეტული ადამიანი ცდილობს, რომ კანონი ფეხქვეშ გათელოს, ამას მოყვება საკადრისი რეაგირება კანონმდებლობის ფარგლებში. თუ ნიკა მელია არ გადაიხდის იმ გირაოს, რომელიც მას გადასახდელი აქვს, პარლამენტი დაიწყებს ამ საკითხის განხილვას და მმართველი გუნდი სათანადო პასუხს გასცემს ამ პროვოკაციულ ქმედებებს“, - განაცხადა მიქანაძემ.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.