მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად! საქართველოში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების მოწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება, შემდეგ კი აცრის პროცესი დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან, იმ გეგმის მიხედვით, რაც მთავრობის მიერაა დამტკიცებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი.
„ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის პროცესს ჯანმრთელობასთან ერთად აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება ხარისხიანი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა“, - განაცხადა გახარიამ.