ვინმეს სერიოზულად გჯერათ იმის, რომ ნიკა მელიას ხალხმა შეიძლება ჩუმად შუგროვოს ფული და შეუტანოს გირაო?! ეს ხომ უბრალოდ აბსურდია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მელიას ადვოკატებს ეს მონაცემები აქვთ.
„ვინმეს სერიოზულად გჯერათ იმის, რომ ნიკა მელიას ხალხმა შეიძლება ჩუმად შუგროვოს ფული და შეუტანოს გირაო?! ეს ხომ უბრალოდ აბსურდია. მათ ადვოკატებს ეს მონაცემები აქვთ. ნიკა მელია და მისი მხარდამჭერი მედიასაშუალებები უკვე რამდენიმე დღეა კამპანიის აგორებას ცდილობენ. როგორც ჩანს, ეს არის გირაოს გადახდის წინა სამზადისი. ისინი თავისი გაგებით ამზადებენ საზოგადოებას, თავისი გაგებით, რომ თითქოს წინასწარ თქვან ის, რაც უნდათ, რომ მერე გააკეთონ, წინასწარ ამბობენ იმას, თითქოს საქველმოქმედო კამპანია იქნება და მას შეუგროვებენ გირაოს. ვინმეს სჯერა ამის საერთოდ?
ეს არის პოლიტიკური ჰალუცინაცია. მერწმუნეთ ერთ რამეში, ეს არის სიტუაცია, როცა ნიკა მელია თავისით იღებს გადაწყვეტილებას, ირჩევს გირაოს გადახდას და გარეთ ყოფნას, თუ პატიმრობას. შესაბამისად, მას აქვს საქმე მართლმსაჯულების სისტემასთან და არა რომელიმე პარტიასთან“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. მან ასევე აღნიშნა, რომ „სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს“
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.
5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.