გიორგი გახარია ნიკა მელიაზე: ეს არის იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით და პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა

გიორგი გახარია ნიკა მელიაზე: ეს არის იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით და პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა

ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი თუნდაც ამაში საერთოდ არ არის, ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს: მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ეს მისი არჩევნის საკითხია. „რა შუაშია აქ ან „ქართული ოცნება“, ან პროკურატურა. არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით დატოვოს გარეთ და გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება. მისი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ეს არის იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით და პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი“, - აღნიშნა პრემიერმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. მან ასევე აღნიშნა, რომ „სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს“

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.