მდიდრული მოდა ბოლო დროს კრიზისს განიცდის, რიანას Fenty-ს ტანსაცმლის ხაზი კი საბოლოოდ დაიხურა. მოდის ხაზი 2019 წელს შეიქმნა და პირველი ძვირფასი ბრენდი იყო, რომელიც შავკანიან ქალს ეკუთვნოდა, ასევე, მეორე ბრენდი იყო, რომელსაც ჩამოყალიბებამდე არავითარი საფუძველი არ ჰქონია და ფრანგული კონგლომერატის LVMH-ის მიერ არაფრისგან შეიქმნა.
რიანას ურბანული ფუფუნების ბრენდის წარუმატებლობა კორონავირუსის დაბრკოლებების ბრალიც არის. ტანსაცმლის ხაზი, რომელიც ფეხსაცმელს, ჯინსის ნივთებსა და სათვალეებს უშვებდა პარიზში იყო დაფუძნებული და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ამერიკაში მცხოვრები მომღერალი გუნდთან ერთად აქტიურ მუშაობას ვეღარ ახერხებდა.
ფრანგული კონგლომერატის ფინანსურმა დირექტორმა, ჟან-ჟაკ გიონიმ ბრენდის წინაშე არსებულ სირთულეებზე ოქტომბერშიც მიანიშნა.
"Fenty-ს მოდის ხაზი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ჯერ კიდევ ვცდილობთ ბრენდის ზუსტი სახე განვსაზღვროთ, რაც მარტივი არ არის. ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ და რიანაც ძალიან გვეხმარება, მაგრამ წინ დიდი სამუშაო და ზუსტად არ ვიცით მომხმარებლებისთვის რის შეთავაზებას შევძლებთ", — განაცხადა გიონიმ.
წარუმატებლობის კიდევ ერთი მიზეზი ნივთების მაღალი ფასებია, რომელთა შეძენასაც რიანას ფანების უმეტესობა ვერ შეძლებდა, მაგალითად, ჯინსის ფასი £300 იყო.
LVMH-ის კუთვნილი სხვა ბრენდებიც, როგორიც დიორი თუ ლუი ვიტონია კრიზისს განიცდიან, რის გამოც 2020 წელს, მშობელი კომპანიის შემოსავალი 34%-ით გაუარესდა.
ბრენდის ბოლო კოლექცია ნოემბერში, ფეხსაცმლის დიზაინერ ამინა მუადისთან თანამშრომლობით გამოვიდა. ტანსაცმლის ხაზის წარუმატებლობა Fenty-ის სხვა პროექტებზე არ აისახება. თეთრეულის ხაზ Savage X Fenty-ს წინა წლის შემოსავალი $108 მილიონი იყო, ხოლო კანის მოვლის საშუალებების შედარებით ახალი ხაზის Fenty Skin-ის შემოსავალი 4 თვის განმავლობაში $36 მილიონით განისაზღვრა.