გიორგი გახარია: ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

გიორგი გახარია: ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

პოლარიზაციის ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვინმეს მიერ გირაოს გადახდა-არგადახდაზე საუბარიც უნდა დასრულდეს, რადგან ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს, ეკონომიკური, უსაფრთხოების და უკვე ჯანდაცვის თვალსაზრისითაც, რომ შეუძლებელია, ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლიტიკური ხულიგნობა და უშინაარსო ქმედებები უკვე ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება. ჯანდაცვის, ეკონომიკის, ჩვენი ბავშვების სკოლაში დაბრუნების პრობლემა არის ქვეყნის უსაფრთხოების, ხვალინდელი დღის პრობლემაა. იმის ნაცვლად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ, გადავიხდი თუ არ გადავიხდი გირაოს, სჯობს, ყველამ გავიაზროთ ის მანდატი, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს - შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და იქიდან ვიზრუნოთ ყველამ ერთად ქვეყანაზე“, - აცხადებს გიორგი გახარია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.