პრემიერი ზაზა გახელაძეზე: სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ

პრემიერი ზაზა გახელაძეზე: სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას საოკუპაციო ძალების უკანონო გადაწყვეტილებას უწოდებს.

„მე, პირადად მქონდა სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ, ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.