მიხეილ სარჯველაძე:  ნიკა მელია ცდილობს, მის მიმართ ისეთი ღონისძიებები განხორციელდეს, რომელიც მას ჰეროიზმის მანტიით შემოსავს

მიხეილ სარჯველაძე:  ნიკა მელია ცდილობს, მის მიმართ ისეთი ღონისძიებები განხორციელდეს, რომელიც მას ჰეროიზმის მანტიით შემოსავს

აშკარაა მცდელობა, რომ ნიკა მელიას მხრიდან მოხდეს პროვოცირება მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელების, რომელიც მისი გათვლებით, მას ჰეროიზმის მანტიით შემოსავს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გათვლა სწორი არ არის და „ეს არ იქნება ისეთი ტრიუკი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ვინმეს თვალში ნაცრის შეყრა“.

„ამ ვადაში თავად ნიკანორ მელიას ეკუთვნოდა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორი ღონისძიება იქნებოდა მის მიმართ გამოყენებული. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების მიხედვით მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება როგორც პროკურატურის, ასევე, პარლამენტის მხრიდან. რასაკვირველია, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ არავის ამ ქვეყანაში არ აქვს უფლება საკუთარ თავს მისცეს უფლება, უფრო მაღლა დააყენოს თავი, ვიდრე დგას საქართველოს სამართალი და საქართველოს სახელმწიფო. შესაბამისად, ეს არგუმენტი ვფიქრობ, მხედველობაში იქნება მიღებული, როცა ამ საკითხის ირგვლივ მოგვიწევს დისკუსია და გადაწყვეტილების მიღება.

აშკარაა მცდელობა, რომ ნიკა მელიას მხრიდან მოხდეს პროვოცირება მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელებისა, რომელიც მისი გათვლებით, მას ერთგვარად ჰეროიზმის მანტიით შემოსავს, ეს არ არის სწორი გათვლა და იმდენად აშკარაა და შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პროვოცირება მიმართული საქართველოს სახელმწიფოს და სამართლის წინააღმდეგ, რომ ეს არ იქნება ისეთი ტრიუკი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ვინმეს თვალში ნაცრის შეყრა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ გადაიხდის გირაოს თანხას. მან ასევე "საქართველოს ბანკს" მიმართა, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა.