სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიების შედარებით მსუბუქ სახეს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება.
„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიების შედარებით მსუბუქ სახეს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. საქართველოში გამონაკლისი არის მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს შეფარდებული აქვს გირაოს გარკვეული რაოდენობა და ის უსახსრობის გამო ვერ ახერხებს გადახდას. ამ შემთხვევაში ქართული პროკურატურა, 2012 წლამდე არსებულისგან განსხვავებით, ცდილობს, არ დაუმძიმოს აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ასეთ სიტუაციასთან საქმე არ გვაქვს. არ გვაქვს ოსეთი გამამართლებელი გარემოება, რომელიც იქნება არგუმენტი არ დამძიმებისათვის.
სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ ბრალდებულს უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. ეს თავად ძალიან კარგად იცის ნიკა მელიამ, ეს იციან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ამიტომ დადგეს ეს სპექტაკლი, თითქოს ჩვენ გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, რომ შეიტანოს სახაზინო კოდზე, შესაბამის ანგარიშზე ნიკა მელიას თანხა. ეს სასაცილოა, პარადოქსია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.
5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.