ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი კონგრესის შეკრების პირველივე კვირებში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ხელახალი ინიცირება მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ინიციატივა ნიშნავს, რომ კონგრესმენები სრულად იზიარებენ იმ კურსს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ადგას.
„საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ორი ხელმძღვანელი ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი დღევანდელ ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოლიტიკოსები არიან და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები ორივე პარტიიდან სწორედ ძალიან გავლენიანი კონგრესმენები არიან. კონოლი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, ხოლო კონგრესმენ კინზინგერი, რომელიც ასაკით შედარებით ახალგაზრდაა, ძალიან დიდი მხარდამჭერია საქართველოსი და ის წარმოადგენს ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას უკვე ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურ პარტიაში. მისი ახალი ინიციატივაა, რომლითაც ფაქტობრივად შესაძლოა, მოხდეს სრული განახლება რესპუბლიკური პარტიის და ის შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ წამყვან ფიგურად, ასე რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კინზინგერი და კონოლი ასე არიან ჩართული საქართველოს შიდა პოლიტიკაში და ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ისინი სრულად იზიარებენ იმ კურსს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ადგას“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია უსუსური არგუმენტებით ცდილობს ხინჯის შეტანას საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში.
„ოპოზიციის განცხადებებსა და არგუმენტებს, რაც ბოლო დროს განაცხადეს, თანაც ემოციურად, რა თქმა უნდა, არავინ სერიოზულად არ აღიქვამს, არც დარგის სპეციალისტები, არც პოლიტიკოსები, არც საქართველოში და არც უცხოეთში. მეტიც, ისინი თავადვე არ აღიქვამენ სერიოზულად. წარმომიდგენია, ოპოზიციის წარმომადგენლები როგორ ეჭიდებიან ხავსს, როდესაც უსუსური არგუმენტებით ცდილობენ ხინჯი შეიტანონ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში. ეს სრულიად არასერიოზულია“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.