დავით სერგეენკოს შეფასებით, „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრისთვის შესვლის შესახებ ოპტიმალური არ არის, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, არ შეიძლება სელექციურად მიუდგე საკითხებს, რომლებიც შენს ქვეყანას ეხება.
„როდესაც მოსახლეობის ნაწილმა ნდობის მანდატი მოგცა, რომ პარლამენტში შესულიყავი და ეს ტრიბუნა გამოგეყენებინა, აქ რაღაც სელექციური კონტრაქტირებები ჩემთვის მისაღები არ არის. აქ არის ბევრი ციტატა სხვადასხვა ნაწარმოებიდან, ხაჭაპურს ეხება, მაგრამ არ მინდა, აქ მოვყვე. ასეთი სელექცია არ იქნება სწორი, თუ შემოდიან, შემოვიდნენ. არ მინდა, ვინმემ ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ უპატივცემულობაში ჩამომართვას, მაგრამ მდინარის გადაღმა გადაძახილ-გადმოძახილი სერიოზული არ მგონია. ნუ დაირქმევენ, რომ პარლამენტში შემოდიან, მაგრამ ხომ შეიძლება, რაღაც გამჭვირვალე შეკრება ჰქონდეთ, სადაც მსჯელობა იქნება ამ საკითხზე. შევლა-შემოთვლით ქვეყანა წინ ვერ წავა“, - განაცხადა სერგეენკომ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევა, თუ პარლამენტში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.