კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება ახალ პანდემიას არ გამოიწვევს. ამის შესახებ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში ჯანმოს ევროპული რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
„კორონავირუსის ახალი ვარიანტები გვახსენებს, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია. თუმცა ეს არის არა ახალი ვირუსი, არამედ ნებისმიერი პათოგენის ნორმალური ევოლუცია. ეს არ არის ახალი პანდემიის დასაწყისი, თუმცა ყველას სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან ახალ შტამებს რეინფიცირება და ვირუსის უფრო სწრაფი გავრცელება შეუძლია, რაც ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას გაზრდის. გარდა ამისა, ახალი შტამების შესაძლოა ვაქცინების ეფექტურობაზეც აისახოს. ასე იყო ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაშიც. ამიტომ, შეიძლება გამოჩნდეს კორონავირუსის ვარიანტები, რომლებსაც განსხვავებული ვაქცინა დასჭირდება“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 107 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 107 002 486 შემთხვევა გამოვლინდა, 2 343 477 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 59 846 800 - გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.