რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი პანდემიის სიტუაციასა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული.
„რაც შეეხება საქართველოსთან ავიამიმოსვლას, გარდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, კვლავ მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც 2019 წელს რადიკალების ქმედებების გამო ამოქმედდა. რუსულმა მხარემ არაერთხელ გააჟღერა აღნიშნული განკარგულების გაუქმების პირობები“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.