თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე Facebook-ზე საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო კამპანიას გამოეხმაურა. ანგურიძე აცხადებს, რომ დიდი ჰესების მშენებლობის საკითხზე საზოგადოებაში შეთანხმება უნდა შედგეს.
„რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე იზრდება ელექტრო ენერგიის მოთხოვნა და შესაბამისად, მეტი სიმძლავრეების გამომუშავების მიმართ იზრდება მოთხოვნილება და ყველა სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომლებიც მათ ბუნებრივი რესურსებიდან გააჩნიათ.
არც, საქართველოა გამონაკლისი და ენერგო დამოუკიდებლობა გახდა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი. მსხვილი ჰესების პროექტებიც მომზადდა, ინვესტორებიც შეირჩა - თუმცა, მოსახლეობის მხრიდან დიდმა პროტესტმა შეაჩერა ჰესების მშენებლობა და მოსახლეობა ორ ნაწილად გაყო. დიდი ჰესების მშენებლობის მომხრეებად, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობის ზრდას და მოწინააღმდეგეებად, რომლებიც ძირითადად გარემოს დაცვის არგუმენტებით არიან შეიარაღებულები.
ეკონომისტები და ენერგეტიკოსები არიან იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ყველა შემთხვევაში იჭერენ პოზიციას, როცა ჰესები საჭიროა, რადგან მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ყველაზე უკეთ ხედავენ ქვეყანაში მეტი ელექტროენერგიის საჭიროებას. თუმცა, შედეგის მისაღებად რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის და ვერც იქნება. რადგან, იმისათვის რომ ჩვენს მოსახლეობაში ფართო კონსენსუსი შედგეს ჰესებთან დაკავშირებით აუცილებელია, ყველა სფეროს წარმომადგენლები საკითხის შემუშავებაში იყვნენ ჩართულნი და საზოგადოებრივ და სატელევიზიო განხილვებში აქტიურად მონაწილეობდნენ გარემოს დამცველები, სოფლის მეურნეობის სფეროს მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საპატრიარქროს წარმომადგენლები და ა.შ. რაც ხელს შეუწყობს საკითხის ფართო განხილვებს და ერთიანი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას“, - წერს ანგურიძე.