ცნობილი ამერიკული პოპ-ჯგუფის The Supremes-ის ვოკალისტი და თანადამფუძნებელი მერი უილსონი 76 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება, თუმცა უილსონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მისი გარდაცვალება მოულოდნელი იყო.
The Supremes-ი 1959 წელს დაარსდა და 1977 წლამდე არსებობდა. მერი უილსონი ერთადერთი ვოკალისტი იყო, რომელიც ჯგუფის ყველა შემადგენლობაში მღეროდა, მათ შორის კოლექტივიდან 1970 წელს დაიანა როსის წასვლის შემდეგაც. ჯგუფმა 29 სტუდიური ალბომი ჩაწერა და 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. ჟურნალმა Billboard The Supremes-ის ამერიკული მუსიკის ისტორიაში ქალთა მთავარ ჯგუფად დაასახელა.