ევროკავშირი: 2020 წელს ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს შესაბამისობა გაიზარდა საქართველო ევროკავშირი

ევროკავშირი: 2020 წელს ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს შესაბამისობა გაიზარდა საქართველო ევროკავშირი

2020 წელს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს შესაბამისობა 2019 წელთან შედარებით (55%) გაიზარდა და 62%-ს მიაღწია. საქართველო კვლავ მონაწილეობდა კრიზისების დარეგულირების მიმართულებით სამოქალაქო და სამხედრო ოპერაციებში და გამოყო 32 სამხედრო მოსამსახურე ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის სამხედრო მომზადების მისიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

Global Terrorism Index-ის მიხედვით, საქართველოზე ტერორიზმის გავლენის დონე „ძალიან დაბალია“. ამ რეიტინგში საქართველო 138 ქვეყნიდან 90-ე ადგილს იკავებს. საქართველო სათანადო ყურადღებას უთმობს ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლას. რაც შეეხება კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, 2020 წლის განმავლობაში სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაცია შედარებით სტაბილური იყო. მიუხედავად ამისა, კვლავ ადგილი ჰქონდა ე.წ. ბორდერიზაციას ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ და დაძაბულობას ჩორჩანა-წნელისის რაიონში. ერგნეთის რეგულარული შეხვედრები 2020 წლის ივლისში განახლდა, ხოლო გალის შეხვედრები ამ დრომდე შეჩერებულია. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენტიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კორონავირუსის პანდემიამ გამყოფი ხაზების გასწვრივ თანამშრომლობის შესაძლებლობები გააჩინა, პირველ რიგში - ჯანდაცვის საკითხებში. აფზახეთის ახალმა დე ფაქტო მთავრობამ ნდობის გამყარების სურვილი გამოთქვა და ამ მესიჯებს ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში საქმიანობის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გაჩენა შეუძლია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია ასევე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან ძალზე დადებითი შეფასება და მხარდაჭერა აქვს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ეს ძალისხმევა ფერხდებოდა საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო.