ევროკავშირი: საქართველოში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო

ევროკავშირი: საქართველოში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო

ევროკავშირმა საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2020 წლის განმავლობაში ქვეყნის მიერ თითქმის ყველა დარგში გატარებულ რეფორმებს ასახავს და მიღწეულ პროგრესს აფასებს.

„COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. ევროკავშირი საქართველოს გვერდით იდგა COVID-19-ით გამოწვეულ სანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია და სასამართლო სისტემის რეფორმა გადამწყვეტი იქნება ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის.

„პირველ რიგში, ახალმა საარჩევნო ჩარჩომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ჯანსაღი საფუძველი უზრუნველყო და ნაწილობრივ გაითვალისწინა ეუთო / ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები. კონკურენტული არჩევნების მიუხედავად, რიგმა ხარვეზებმა პროცესისადმი ნდობა შეარყია და ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს. ეს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებლობას ცხადყოფს, მათ შორის, ეუთო / ODIHR-ის რეკომენდაციებისა და ინკლუზიური დიალოგის გათვალისწინებით. მოკლევადიან პერიოდში, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო, რათა პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგის შემუშავება შესაძლებელი გახდეს. უფრო ფართო მასშტაბით კი, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის მოგვარება კვლავ გამოწვევად რჩება“, - აღნიშნულია ევროკავშირის ანგარიშის დასკვნით ნაწილში.

ანგარიშში ასევეა საუბარი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელების მნიშვნელობაზე.