2021 წელი სელენა გომეზისთვის კარიერული თვალსაზრისით შესანიშნავად დაიწყო, გასულ წელს შემსრულებელმა ჩამოაყალიბა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც მომხმარებელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
შექმნა სილამაზის ბრენდი მსოფლიოში, სადაც ვარსკვლავების უმეტესობა მსგავსი საქმიანობითაა დაკავებული, ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა სელენა გომეზის Rare Beauty დაარსებიდან რამდენიმე თვეში უკვე გასული წლის 10 ყველაზე წარმატებულ სელებრითულ Beauty Brands-ის სიაშია.
სელენა ბიზნესსაქმიანობის პარალელურად პროფესიულ საქმიანობას არ ივიწყებს. რამდენიმე კვირის წინ პირველი ესპანურენოვანი სიმღერა De Una Vez გამოუშვა, ამჯერად კი ახალი ალბომი Revelación დაანანონსა, პოპვარსკვლავმა ახალი კლიპისთვის საკუთარი ბრენდის კოსმეტიკა გამოიყენა. ის Rare Beauty-ის კოდად საკუთარი თავის სიყვარულსა და თვითგამოხატვას მიიჩნევს, რასაც გულშემატკივრებს როგორც მუსიკალური პროდუქტით, ასევე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის კონცეფციითაც უზიარებს.
შემსრულებელი იმედოვნებს, რომ მისი კოსმეტიკური ხაზი Rare Beauty გულშემატკივრებს ინდივიდუალურობის აღმოჩენაში დაეხმარება და მათ ძალას შემატებს შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც რეალურად არიან.
როგორც შემსრულებელმა აღნიშნა, ახალი ალბომის უმეტესი ნაწილი პანდემიის დროს აპლიკაცია "ზუმის" მეშვეობით ჩაწერა.