გივი მიქანაძე ზაზა გახელაძეზე: მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მოქალაქე ამ უკანონო პატიმრობიდან გამოვიხსნათ

გივი მიქანაძე ზაზა გახელაძეზე: მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მოქალაქე ამ უკანონო პატიმრობიდან გამოვიხსნათ

ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და კონსოლიდირებით ჩვენი მოქალაქე ამ უკანონო პატიმრობიდან გამოვიხსნათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ოკუპანტი სახელმწიფოსა და დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილებაა.

„მინდა გითხრათ, რომ როგორც მთავრობა ისე პარლამენტი, საგარეო უწყება და შესაბამისი სამინისტრო რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე არის ორიენტირებული, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან დავიხსნათ და ის დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.