ლევან იოსელიანი ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს, შევიდნენ პარლამენტში და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ერთად იმუშაონ

ლევან იოსელიანი ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს, შევიდნენ პარლამენტში და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ერთად იმუშაონ

ვიწყებთ მუშაობას იმ მემორანდუმზე, რომელიც ჩვენ, პარტია „მოქალაქეებმა“ გავაფორმეთ „ქართულ ოცნებასთან“. იმისთვის რომ აქ, ამ პარლამენტში საარჩევნო რეფორმა მოგვეტანა, ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მოვიტანეთ, მოვაწერეთ ხელი და დღეს უკვე იწყება მუშაობა, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდეს კარუსელების, მკვდარი სულების, დაუბალანსებელი ოქმებისა და ათასი სხვა მანიპულაციის გარეშე, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ცვლილებები მხოლოდ მათი მონაპოვარი არ არის, ამიტომ ის მიმართავს ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში და რეფორმებთან დაკავშირებით იმსჯელონ.

„ყველა სხვა არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდება, პირველად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ იყოს გამჭვირვალე და აღარ დაისვას კითხვა – გაყალბდა თუ არა არჩევნები. ეს არის, რისთვისაც ჩვენ პარტია „მოქალაქეები“ ვიბრძოდით. ეს არის, რასაც ვთვლით, რომ მოვიპოვეთ. არ მინდა, დავუკარგო წვლილი ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, არ მინდა, ვთქვა, რომ ეს მარტო ჩვენი მონაპოვარია. რა თქმა უნდა, მათ დაიწყეს ჩვენთან ერთად მუშაობა. მივმართავ ისევ მათ, რომ შემოდით პარლამენტში და მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე, დასხედით ჩემ გვერდით და საარჩევნო რეფორმა დავუტოვოთ ამ ქვეყანას. რადგან ეს არის გამოსავალი, რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი დღე არ იყოს დაპირისპირების, ერთმანეთთან შუღლის და საზოგადოების გახლეჩის საფუძველი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ვინც პარლამენტში შევიდა, არიან გვამები, იოსელიანმა განაცხადა:

„პასუხი – არ ვიცი, მგონი, არ ვგავარ გვამს, მიხეილ საააკშვილის განცხადებებზე არ ვაკეთებ კომენტარს საერთოდ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.