გიორგი გახარია: საბანკო სესხების სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად, სპორტული ინდუსტრიის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ

გიორგი გახარია: საბანკო სესხების სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად, სპორტული ინდუსტრიის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ

საბანკო სესხების სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად, სპორტული ინდუსტრიის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემსუბუქდება და გამარტივდება კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტებს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში მოსახვედრად სჭირდებათ.

„ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა. ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2 000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, მოთხოვნები დააკმაყოფილა მხოლოდ 420-მა. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური დეტალების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ ამ 2 000-მა რესტორანმა შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ღონისძიება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, შეეხება სპორტის ინდუსტრიის ობიექტებს, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.