ჯეინ ფონდას კინოკარიერისთვის და აქტივიზმისთვის ოქროს გლობუსზე ჯილდო გადაეცემა

ჯეინ ფონდას კინოკარიერისთვის და აქტივიზმისთვის ოქროს გლობუსზე ჯილდო გადაეცემა

2021 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება, ჯეინ ფონდას შთამბეჭდავი კინოკარიერის და სამოქალაქო აქტივიზმის აღსანიშნავად სესილ ბ. დემილის ჯილდოს გადასცემენ.

ორი ოსკარის მფლობელი მსახიობის 60-წლიანი კარიერა კინოკრიტიკოსთა ფავორიტ და კომერციულად წარმატებულ არაერთ პროექტს აერთიანებს. ფონდამ პირველი ოსკარი 1972 წელს მოიპოვა ფილმ Klute-ში შესრულებული მთავარი როლისთვის, მეორე კი 1979 წელს Coming Home-ისთვის. მსახიობს ოქროს გლობუსის 15 ნომინაცია და 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

სესილ ბ. დემილის ჯილდო ჰოლივუდის უცხოენოვან ჟურნალისტთა გაერთიანების უმაღლესი ჯილდოა, რომლის მფლობელებიც რობერტ დე ნირო, სოფი ლორენი, შონ კონერი, ოპრა უინფრი, მარტინ სკორსეზე, ჯოდი ფოსტერი და ჰოლივუდის ბევრი სხვა დამსახურებული პირია.

წარმატებულ კარიერასთან ერთად, ჯეინ ფონდა პოლიტიკურად აქტიურიც იყო: აპროტესტებდა ვიეტნამის ომს, ადამიანთა უფლებების დაცვის კამპანიაში მონაწილეობდა, იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, ახლა კი კლიმატის ცვლილებებზე ცნობიერების ამაღლების მოძრაობის აქტიური წევრია.

მსახიობი ჯეინ ფონდა კლიმატის ცვლილების საპროტესტო აქციაზე დააპატიმრეს

"ჰოლივუდის უცხოენოვან ჟურნალისტთა ასოციაცია ჯეინ ფონდას ჯილდოს სიამაყით გადასცემს. 5 ათწლეულზე მეტია, მისი მრავალფეროვანი კარიერა და დაუღალავი აქტივიზმი თანაზიარია, საკუთარ პლატფორმას ყოველთვის სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ იყენებდა. უპირობო ნიჭმა დიდი დაფასება მოუტანა და მისი პროფესიული კარიერაც საინტერესოდ წარიმართა, თანაც მუდამ ცვლილებების სათავეში იყო. მოხარული ვართ მისი მიღწევები აღვნიშნოთ", — განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, ალი სარმა.